2022 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 673.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი – კაცი.
ინფორმაციას საწარმოთა საქმიანობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 637.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 889.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.7 პროცენტით მეტი). საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 479.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 196.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 186.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.2 ლარით).
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.9 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი, იმერეთი – 7.1 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.