"ვოლტის" კურიერები პროტესტს განაგრძობენ. მთავარი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურებაა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, კურიერებს მოლაპარაკებების დაწყება სურთ, რომელიც ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით, კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში უნდა გაიმართოს და მას ასევე უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი უნდა დაესწრონ.
„გრძელდება ვოლტის კურიერების უწყვეტი პროტესტი, რომლის ფარგლებშიც 15 თებერვალს, ვოლტის ოფისთან პარტნიორმა კურიერებმა აქცია გამართეს. პროტესტის მოთხოვნებია ღირსეული ანაზღაურება, დირექტორი ნატალია ხიზანიშვილის და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჯაკობიას „ვოლტ ჯორჯიადან“ (მფლობელი ვოლტ ფინეთი) გათავისუფლებაა, რომელთაც სხვადასხვა დროს აწარმოეს კურიერების ანტიკონსტიტუციური დევნა, შევიწროვება და დეჰუმანიზაცია.
გუშინ აქციაზე, პარტნიორმა მცირე მეწარმე კურიერებმა დააყენეს კოლექტიური მოლაპარაკების პირობა, „ვოლტ ჯორჯიამ“ ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი და პარტნიორების დამამცირებელი განცხადება გაავრცელა.
ირკვევა, რომ „ვოლტ ჯორჯიას“ წარმოუდგენლად მიაჩნია საკონფერენციო დარბაზში მოლაპარაკებების წარმოება მისი პარტნიორი ყველა კურიერის თანდასწრებით.
ეს წარმოუდგენლად დამამცირებელი განცხადება ცხადყოფს „ვოლტ ჯორჯიაში“ გამეფებულ ანტიადამიანურ დამოკიდებულებას.
გაურკვეველია, რატომ არის წარმოუდგენელი კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება პარტნიორ კურიერებთან ერთად საკონფერენციო დარბაზში? თუ „ვოლტ ჯორჯიას“ მენეჯმენტს, ან სხვა ორგანიზაციის /კომპანიების თანამშრომლებსა და დირექტორატს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის კონფერენციების გამართვა კონსტრუქციულ რეჟიმში ვინ და რატომ დაასკვნა, რომ ასეთი შეხვედრა კურიერების მონაწილეობით არ შეიძლება გაიმართოს?
მიგვაჩნია, რომ „ვოლტის“ მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს არსებული ხელმძღვანელობის არაადამიანურ დამოკიდებულებას კურიერების მიმართ.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სასწრაფოდ გვსურს მოლაპარაკებების დაწყება და ეს მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს საკონფერენციო დარბაზში ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით - კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი“, - ნათქვამია კურიერების განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME აღნიშნულთანნ დაკავშირებით, "ვოლტის" რეგიონალურ გენერალურ მენეჯერს ნატალია ხიზანიშვილს დაუკავშირდა.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში და მზად ვართ, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოვისმინოთ მოთხოვნები და განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები. რაც შეეხება იმ ფეისბუქ პოსტს სადაც ერთ–ერთი პიროვნება მოითხოვს დიდ დარბაზში შეხვედრას, ამაზე განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ვინაიდან ის ადამიანია არ არის "ვოლტის" თანამშრომელი," – განუცხადა BUSINESS TIME–ს ნატალია ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ვოლტმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ვრცლად არის დაკონკრეტებული აღნიშნულ საკითხზე კომპანიის პოზიცია.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ვოლტის პარტნიორი კურიერების ნაწილის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.
ვოლტი თავიდანვე მზადყოფნას გამოთქვამდა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. თუმცა, აქციის მონაწილეებმა ვოლტის მიერ შეთავაზებულ ფორმატზე უარი განაცხადეს და ითხოვდნენ, მოლაპარაკების პროცესს დასწრებოდა უკლებლივ ყველა კურიერი, ვინც აქციაზე იმყოფებოდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში და მზად ვართ, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოვისმინოთ მოთხოვნები და განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები. თუმცა, მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აქციის ორგანიზატორებს, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლას, კომპანიის ოფისში შეხვედრას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნების განხილვას.
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა განცხადებას, გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შესახებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 5 თებერვლის შემდეგ, არც ერთი პარტნიორი კურიერი, არავითარი მიზეზით, პლატფორმიდან არ დაბლოკილა. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას.
ასევე, მზაობა გამოვთქვით, ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა კითხვას ღიად გავცეთ პასუხი. ასევე, საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ, რომ 15 თებერვლიდან ვოლტის პლატფორმაზე გაეშვა პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ახალი სისტემა. სისტემა ითვალისწინებს პარტნიორი კურიერისთვის შეკვეთის ანაზღაურების წინასწარ შეტყობინებას. Შეკვეთის დადასტურებამდე, კურიერს აპლიკაციაში გამოუჩნდება კონკრეტული ტარიფი და უფრო ინფორმირებულად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს თუ უარი განაცხადოს შეკვეთის განხორციელებაზე.
ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტნიორი კურიერები უკმაყოფილოები იყვნენ ძველი სისტემით, ამიტომ, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ Google Maps-ის სერვისი. ეს სისტემა უფრო ზუსტად დათვლის კურიერების მიერ განვლილ მანძილს და, შესაბამისად, მეტ სარგებელს მოუტანს მათ.
გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა გავაუმჯობესოთ პარტნიორი კურიერების დაზღვევის პირობები.
ეს პროცესები არ დაწყებულა მას შემდეგ, რაც პარტნიორი კურიერების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ჩვენ პარტნიორებისა და თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ორივე მხარისათვის მისაღები იყოს." – წერია განცხადებაში.