
2025 წლის ივლისში თბილისში 3 713 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვის თანახმად, გაყიდვები ივლისში წლიურად 4%-ით არის გაზრდილი.
კვლევის თანახმად, ახალი ბინების გაყიდვები დედაქალაქში 1.5%-იან, ხოლო ძველ პროექტებში 11.7%-იან ზრდას აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვებთან ერთად გაზრდილია ფასებიც. კერძოდ, შარშან ივლისში თუ 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის ფასი თბილისში 1 026 დოლარი იყო, წელს 1 168 დოლარამდეა გაზრდილი.
„ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 23.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13.3%-ით მოიმატა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის ივლისში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 5.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ძველ პროექტებს, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 4.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
დაბოლოს, ივლისში ბაზრის ზომა 22%-ით გაიზარდა და 293 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.