ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში დაასახელა თუ რა შემთხვევაში წავა პუტინთან მოლაპარაკებაზე და რა შემთხვევაში განიხილავს უკრაინა ნეიტრალურ, ბლოკსმიღმა სტატუსს.
"მე უნდა დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ამიტომ რთული სათქმელია, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რაიმე სახის მოლაპარაკება რუსეთთან, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთეს - ეს პერსონალურ დონეზეა. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა, ეს უნდა გავაკეთო. ნებისმიერი ომი უნდა დასრულდეს. მე როგორც პრეზიდენტი ვამბობ, დიალოგის გარდა სხვა გზა არაა, თუ არ გვინდა ასიათასობით და მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შეთანხმება ორ მხარეს შორის.
მინიმალური, რომლითაც დეოკუპაცია უნდა დავიწყოთ რუსეთის ჯარების 100%-იანი გაყვანაა იმ საზღვრებში მაინც, რომლებიც 24 თებერვლამდე არსებობდა. ეს საშუალებას მოგვცემს სხვა საკითხების განხილვა დავიწყოთ დეოკუპაციაზე და იმაზე თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ამის შემდეგ. ასე რომ, ჯერ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. ამის შემდეგ შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. როდესაც ომის დასასრული დადგება, შემდეგ განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს, ნეიტრალურ, ბლოკსმიღმა სტატუსს, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტისა და ძლიერი არმიის შენარჩუნებით. და თუ ეს შეთანხმება დაირღვევა, ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობა," - განაცხადა ზელენსკიმ CBS-თან.
ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ წარმოუდგენელ სისასტიკეზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. მისი თქმით, ქვეყნის იმ ტერიტორიებზე საიდანაც რუსი სამხედროები გავიდნენ ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს, რაც გენოციდია.