საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სავაჭრო ქსელ კარფურთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება - შეცვალოს საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, წარსულში, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:
• მომხმარებელს, კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს;
• მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია განათავსოს - სარეალიზაციო მაღაზიებსა და დისტანციური გაყიდვის სივრცეებში;
• საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასი მკაფიო და გასაგები ფორმით მიუთითოს;
• აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
"საკითხი ეხებოდა: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, მოქალაქე ცისანა ბირკაიას წარმომადგენლის, ია სირანაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“-სთან (სავაჭრო ქსელი კარფური) მიმართებით.
საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები განიხილა და მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
რა გადაწყვეტილება მიიღო კონკურენციის სააგენტომ “კარფურთან” დაკავშირებით?
804
|