სამრეწველო დიზაინერის ზვიად ციკოლიას Ronius Watches-ის ახალი სერია "საქართველოს კუთხეები" უკვე გაყიდვაშია.
„სულ მინდოდა ჩვენი ულამაზესი ქვეყნის პოპულარიზაცია. გადავწყვიტე ამისათვის საათი გამომეყენებინა. დავუკავშირდი თეა მიქაიას და ვთხოვე შეექმნა ყველა კუთხის უნიკალური გრაფიკა. ვფიქრობ თეა სიმაღლეზეა!“ - წერს სოციალურ ქსელში ციკოლია.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME ზვიად ციკოლიას აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა.
როგორც ზვიად ციკოლია განმარტავს, ახალი სერია ქვეყნის 13 კუთხეს მოიცავს და ის ლიმიტირებულია.
„სერია ლიმიტირებულია და თითოეულ კუთხეზე 30 საათია წარმოებული, ეს სერია გვიჩვენებს სამომავლოდ, რომელი ფერები უნდა დავამატოთ და როგორი იქნება მოთხოვნა, ამ ეტაპზე საათები წარმოებაში საცდელად ჩავუშვით.“- განაცხადა ციკოლიამ.
ბრენდის მარკეტინგის სამსახურში კი BUSINESS TIME-ს განუცხადეს, რომ ახალი სერიის საათის შეძენის მსურველებს მცირე რაოდენობის გამო შესაძლებლობა ექნებათ ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ Ronius Watches-ის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შეიძინონ.
საათების ღირებულებას რაც შეეხება, „საქართველოს კუთხეები“ ვერცხლისფერი კორპუსით 515, ხოლო ოქროსფერი კორპუსით 565 ლარი იქნება.