ბაზარზე ქართული ღომის ხემსის ახალი ბრენდი გამოჩნდა. Qrush-ის შექმნის იდეასა და კონცეფციაზე BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნოდარ ფარალავამ ისაუბრა.
„ხემსის შექმნის იდეა ბავშვობიდან მოდის, როდესაც მეგრელი ბებია გვიკეთებდა ღომის ხემსს, იგივე ნახვაწას. მის ღომის ქვაბში მომზადებას დიდი დრო სჭირდება, ბებოს კი ყოველთვის არ ეცალა მის მოსამზადებლად და სულ გული გვწყდებოდა, ხშირად რომ ვერ მივირთმევდით. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენ გვეწარმოებინა ეს უგემრიელესი ხემსი.
საწარმოო ხაზის შექმნაზე 3 წელი ვიმუშავეთ. ეს არის ინოვაციური პროდუქტი, შესაბამისად, მისი მზა საწარმოო დანადგარები არ არსებობს. ბევრი წვალებისა და შიგადაშიგ წარუმატებლობის შემდეგ, შევქმენით საწარმოო ხაზი, სადაც სწრაფად და მარტივად ვაწარმოებთ პროდუქციას“, - ამბობს ნოდარ ფარულავა.
კითხვაზე, რამდენად იქნება საზოგადოებისთვის უცხო პროდუქტი ბაზარზე მოთხოვნადი, Qrush-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ რადგან ხემსი ჯანსაღი პროდუქტია, მასზე დაინტერესებაც მაღალი იქნება.
„დიდი ხანია ვიკვლევთ საზოგადოების აზრს ნახვაწას შესახებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც გასინჯული აქვს, უყვარს ეს პროდუქტი. თანაც ბოლო პერიოდში ჯანსაღი კვება ძალიან აქტუალურია, ჩვენ კი საზოგადოებას სრულიად ჯანსაღ პროდუქტს ვთავაზობთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას გადავუჭრით მშობლებს, რომლებსაც შეეძლებათ, შვილებს უყიდონ ძალიან გემრიელი ხემსი და არ ინერვიულონ მის მავნებლობაზე“, - ამბობს ნოდარ ფარულავა.
როგორც Qrush-ის თანადამფუძნებელი BM.GE-სთან ჰყვება, კომპანია სრულიად დამფუძნებლების ინვესტიციით შეიქმნა, შესაფუთი დანადგარი კი პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსა. ახლა ბრენდი ინვესტორებს ეძებს, რათა წარმადობა გაიზარდოს.
„რადგან ჩვენი პროდუქციის ანალოგი არ არსებობს, გამოწვევები ყველა მიმართულებით გვაქვს - წარმოებაშიც და ბაზარზე თავის დამკვიდრებაშიც. უკვე გვაქვს დანადგარების ნახაზები, რითიც წარმოების მოცულობა გაიზრდება და შევძლებთ ქართული ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას. გვყავს პარტნიორი კომპანიაც, რომელიც ამ დანადგარებს დაგვიმზადებს“, - განაცხადა ნოდარ ფარულავამ.
მისი თქმით, კომპანია მოლაპარაკებებს რამდენიმე მაღაზიასთან აწარმოებს, რომელთა დახლებზეც Qrush-ი სულ მალე გამოჩნდება, 80-გრამიანი შეფუთვის ღირებულება კი 4.85 ლარი იქნება.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნოდარ ფარულავა აღნიშნავს, რომ ასორტიმენტის გამრავალფეროვნების შემდეგ პროდუქცია ქართულ ბაზარზს გასცდება და ექსპორტზე გავა.
Qrush-ი - ქართული ღომის ხემსი ბაზარზე
323
|