ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქართველოდან სატვირთო გადაზიდვები დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი უკვე შეასრულა.
Qatar Airways-ი დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. უწყების ცნობით, Qatar Airways-ი რეისებს Boeing 777-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტვირთების ტრანსპორტირებას მოემსახურება.
„ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია.
2025 წელს 2024 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან მიმართებით ეს ციფრი 101%-ით არის გაუმჯობესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოცულობა სულ რაღაც ორ წელიწადში გაორმაგდა“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.