gorgia
ავერსი legi

ბიზნესმენს გიორგი რამიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

"პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.რ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტის“, „ევრონიუს ჯორჯიასა“ და სხვა არაერთი კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი 6 ივლისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გიორგი რამიშვილს აეროპორტში ხელბარგის სკანერით შემოწმებისას აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.

უწყების ცნობით, ამოღებული იარაღი ბიზნესმენის სახელზე იყო რეგისტრირებული, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

345