საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ADP ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანგულმა კომპანია „ADP ჯგუფმა“ Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.
„ADP ჯგუფი“ მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. „ADP ჯგუფის“ მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით.
„ADP ჯგუფი“ (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია, მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. „ADP ჯგუფი“, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს.
„ADP ჯგუფი“ საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.