
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ქართული ღვინის წარდგენას გამომცემლობის „ვინისფერა“ ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი კრაკოვიდან უძღვებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით გამართულ დეგუსტაციაზე იმ ქართული კომპანიების ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს არ ახორციელებენ.
დეგუსტაციაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდნენ იმპორტიორები პოლონეთიდან, რომელთაც 25 ქართული კომპანიის ღვინის ნიმუშები წინასწარ გაეგზავნათ. აღნიშნული ღვინოები მათ დეგუსტაციის მიმდინარეობისას დააგემოვნეს და შეაფასეს.
მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.