„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ქართული ღვინის წარდგენის და დეგუსტაციის ღონისძიებას 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი, მედიის და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნებს და ექსპორტის ტენდენციებს.
ჰელსინკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკით განსაზღვრული გეგმის ფარგლებში, ჩრდილოეთ ევროპის ბაზრებზე მუშაობა რამდენიმე წელია დაიწყო. ბაზრების კვლევამ აჩვენა, რომ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის შემთხვევაში, აღნიშნული ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის რეალური შესაძლებლობები არსებობს.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში, დანიასა და ისლანდიაში რამდენიმე ღონისძიება უკვე გაიმართა. ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე უკვე ჰელსინკშიც გვქონდა საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება. ვითანამშრომლეთ კომპანია „Wine Server“ მფლობელთან, ტომი ნაარვალასთან. მისი ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართება ქართული ღვინის პროფესიული მასტერკლასი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 40-ზე მეტ სტუმარს შორის იყვნენ ჰელსინკში არსებული ქართული რესტორნების მფლობელებიც, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა აუცილებელია ცნობადობის გაზრდა, რაშიც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დავით ტყემალაძემ.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ცნობით, ჰელსინკში პირველი ქართული ღვინის ბარის მფლობელმა ლიკა მამუკაშვილმა ფინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ინტერესი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ გამოფენებში. ყველაზე კარგი არის ის, რომ ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ ახალია, მოსწონთ, და ინტერესდებიან. ასე რომ, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივართ“, - აღნიშნა ქართული ღვინის ბარის მფლობელმა.
მათივე ინფორმაციით, ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ ლევან მაჭავარიანთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფინეთში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიის წარმოება და მიზნობრივ სეგმენტზე გათვლილი ღონისძიებების განხორციელება, რაშიც ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.