მიმდინარე წლის 9 მარტს საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.
თუ როგორ მიმდინარეობოს რეინფიცირების შემთვევაში ვირუსი და გამოჯანმრთელდა თუ არა პაციენტი - ამ კითხვებით საინფორმაციო სააგენტო "ბიზნეს თაიმი" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა.
"ადამიანი, რომელსაც ვირუსი განმეორებით დაუდასტურდა გამოჯანმრთელებულია და კლინიკურად რაიმე განსაკუთრებული გართულება პაციენტს არც ჰქონია.", - გვიპასუხა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძეს ასევე ვკითხეთ ე.წ ბრიტანულ შტამთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ დროისთვის არ გვაქვს.
“რაც შეეხება "ბრიტანულ შტამს" ჯერჯერობით, დადასტურებული მხოლოდ ის 31 შემთხვევა გვაქვს, თუმცა აქ საუბარია დადასტურებულზე. მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე ადამიანზე, გვაქვს რამდენიმე ათეული საეჭვო შემთხვევა, მაგრამ დადასტურებულ ამ ეტაპზე არაა”, - განაცხადა გამყრელიძემ "ბიზნეს თაიმთან" საუბარში.
ცნობისთვის, ქვეყანაში ე.წ ბრიტანული შტამის 31 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს რაც 3 კლასეტრიდანაა გამოვლენილი და ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია.