დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია 15-25 თებერვლის პერიოდში შემოვა.
გამყრელიძემ ვაქცინაციის თემაზე "TV პირველის" გადაცემა „პირველ ხაზში“ ისაუბრა. მან ასევე განმარტა, თუ ვინ იქნება პირველი რისკ-ჯგუფი მედიკოსებიდან, ვინც აიცრება.
„საქართველოში სულ მედიცინის 75 ათასამდე მუშაკია, ამ რიცხვში შედიან ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ასევე, სამედიცინო სფეროში მომუშავე დამხმარე პერსონალი. პირველ ეტაპზე შემოვა „ფაიზერის“ 29 250 დოზა, რომელიც ყველას არ ეყოფა. ამიტომ მოხდება სამედიცინო პერსონალის დიფერენციაცია. პროცესი უკვე დაწყებულია. კლინიკები უკვე გაფილტრულ სიებს ტვირთავენ პორტალზე, ამის შემდეგ გარკვეულად ჩვენც გავფილტრავთ და აირჩევა ადამიანები, ვინც აცრას, პირველ რიგში, გაიკეთებს. ეს პროცესი 3 თებერვლამდე უნდა დასრულდეს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, პირველი სამი თვის განმავლობაში არ აიცრებიან ის ადამიანები, ვისაც კოვიდი გადატანილი აქვს და ეს პროტოკოლი ეხება როგორც მედინიცის მუშაკებს, ისე - სხვა ადამიანებს.