"ჩემი დავალებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე და მალე ყველა იხილავს, რომ ძალიან ქმედით და ეფექტურ, შედეგიან ნაბიჯებს გადავდგამთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პოლიტიკის შეცვლას.
„ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს. ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი. ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ეს მიღებული. ონლაინ-კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე.
თქვენი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1,5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ-კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მედიკამენტების ფასების შემცირება, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და საბოლოო ჯამში, ძალიან მალე სწრაფი ეფექტი გვექნება უახლოეს 1-2 თვეში.
ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა. ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ათწლიანი გეგმები და ეს არ არის მხოლოდ ტრაფარეტული ნათქვამი, ეს არის დეტალური, კონკრეტულად გაწერილი გეგმები, რომელიც არის თითოეული უწყების მხრიდან. ყველა უწყებამ იმუშავა ძალიან ნაყოფიერად. ჩვენ 6 თვის განმავლობაში შევიმუშავეთ თითოეული უწყების მიმართულებით სექტორული განვითარების გრძელვადიანი გეგმები ჩაშლილი ყოველწლიური კონკრეტული ხედვებით.
ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, 2030-ში, მანამდეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწლიურად გვექნება ვაჩვენებთ პროგრესს, მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მთავარი გამოწვევა, მთავარი სირთულე, რისი დაძლევაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს, ეს არის ჩვენი ამბიციაც, ეს არის ჩვენი მოტივაცია, ეს უნდა შევძლოთ - უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილი და გარანტირებულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.