სს „ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
თიბისის ინფორმაციით, მოზიდული სახსრების ძირითად ნაწილს კომპანია ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ეფექტურობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, ოპერაციების გაციფრულებას და გამონაბოლქვის შემცირებას, რაც კომპანიის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ეს კომპანიის რიგით მე-4 ემისიაა, რომლის ინვესტორები ძირითადად ქართული ბანკები და ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან. ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია და არც ერთი მათგანის წილი არ აღემატება 30%-ს.
„ნიკორა ტრეიდი“ ბაზრის აქტიური მოთამაშეა, რომლის პირველი საჯარო ემისია 2016 წელს შედგა. დღეისთვის კომპანიას ჯამში 130 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციები აქვს გამოშვებული. თითოეული ახალი ემისიის ფარგლებში, კომპანია ზრდის გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას.
„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განვახორციელეთ. ეს ქართული კაპიტალის ბაზარზე „ნიკორა ტრეიდის“ მე-4 და თიბისი კაპიტალთან ერთად მე-3 ემისიაა. გვიხარია, რომ ჩვენი ბიზნესის მიმართ ინვესტორების ნდობა იზრდება, რისი დასტურიცაა ყოველი ემისიისას გაზრდილი მოცულობა. განხორციელებული ობლიგაციების განთავსება ერთი მხრივ არის კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ - მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მოზიდული სახსრებით ვაპირებთ ავაშენოთ თანამედროვე, უპრეცედენტო მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების და მწვანე ენერგიის განვითარების კუთხითაც. აღნიშნული პროექტი შეცვლის და სასარგებლო გავლენას მოახდენს მთლიანად FMCG სექტორის განვითარებაზე, გააუმჯობესებს პროდუქციის ხელმისაწვდომობას სავაჭრო წერტილებში და შეამცირებს პროდუქციის დანაკარგებს, რაც მთელ მსოფლიოში სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის საბოლოო ბენეფიციარები იქნებიან როგორც კომპანია, ასევე მომხმარებლები, რაც კიდევ უფრო ფასეულს ხდის მას“, - თემურ ალექსანდრია, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ „ნიკორა ტრეიდმა“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მორიგი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოუშვა. ეს ჩვენი რიგით მე-3 საერთო ემისიაა, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ FMCG სექტორის ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშეს ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვაში ისეთი მასშტაბური პროექტისთვის ვეხმარებით, როგორიც თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაა. ფინანსური რესურსით, კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებასა და პროდუქციაზე მომხმარებლების წვდომას გააუმჯობესებს, არამედ როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, გარემოსთვის სასარგებლო ნაბიჯებსაც გადადგამს. „ნიკორა ტრეიდის“ ყოველი მომდევნო ობლიგაციის თანხის მოცულობის ზრდა, „ნიკორა ტრეიდის“ მიმართ ბაზრის ნდობისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის მზარდი შესაძლებლობების დასტურია“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
„2024 წლის აპრილიდან „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში და „ნიკორა ტრეიდი“ პროგრამის უკვე მე-6 ბენეფიციარია. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ წელს მისი გაგრძელება იგეგმება. პროგრამის ფარგლებში შემოსულია 13 განაცხადი და განთავსდა 210 მლნ-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე.
სს "ნიკორა ტრეიდი" ორი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.