მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ „კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“.
მისი თქმით, სააკაშვილი პირადად არ უნახავს, თუმცა მისი დღევანდელი ანალიზების მონაცემების გაცნობის შემდეგ ამბობს, რომ „მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. ის ამბობს, რომ ამის გაკეთებას სიკვდილამდე აპირებს.
მთავრობა უარს აცხადებს სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანენ.
თუმცა სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.