ქართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას წერილით მიმართავს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან არსებული სადავო საკითხით დაინტერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „BUSIENSS TIME“-ს კომპანია „მაივეი ეარლაინსიდან“ აცნობეს.
როგორც მათ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია მთავრობის წევრებს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს და განმარტავს, რომ საკითხი, რაზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.
„მაივეი ეარლაინსის“ განცხადებით, კომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება და ერთდღიანი დაყოვნებაც კი, 100 000 დოლარის ოდენობის ზარალს გამოიწვევს, რაც მოკლე პერიოდში ავიაკომპანიის გაკოტრებას ნიშნავს.
„მოგმართოთ თხოვნით, დაინტერესდეთ „მაივეი ეარლაინსის“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და დაგვემხაროთ პრობლემის მოგვარებაში, რათა კომპანიამ კვლავ შეძლოს ოპერირება, მეტი თანამშრომლის დასაქმება და საკუთარი წვლილის შეტანა როგორც ქართული ავიაციის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
„მაივეი ეარლაინსსა“ და სააგენტოს შორის არსებულ უთანხოებაზე მოგახსენებთ შემდეგს: სააგენტო კომპანიას ედავებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წილთა გადანაწილებას ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის და ეფექტური კონტროლის საკითხებს. აღნიშნული საკითხი გამოსწორდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე, ბოლო პერიოდში ასევე შეიცვალა მშობელი კომპანიის წესდება მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად არსებობს უამრავი კითხვა სააგენტოს მიერ ეფექტური კონტროლის განმარტებაზე.
კომპანია, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე, გამოთქვამდა სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მათგან რეკომენდაციების მიღების სურვილს, რათა პასუხი გასცემოდა ყველა კითხვას და საქმე არ მისულიყო ისეთ კატასტროფულ შედეგამდე, როგორიცაა კომპანიისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება. მიუხედავად ჩვენი მზაობისა, სააგენტოს მხრიდან რეალურ თანამშრომლობას ადგილი არ ჰქონია და კომპანიას მუდმივად ამყოფებდა ბუნდოვან და გაურკვეველ მდგომარეობაში დავის კონკრეტულ საფუძვლებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წილთა თანაფარდობა მოიყვანა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და ასევე, შეცვალა წესდება, ეს ფაქტები არ აღმოჩნდა საკმარისი სააგენტოსათვის და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტო აპირებს კომპანიას გაუუქმოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რაც ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია.
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას მოკლე პერიოდში, რადგან კომპანიის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის სწორედ გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციები. ერთდღიანი დაყოვნებაც კი, კომპანიის მიერ ამჟამად გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის იწვევს დაახლოებით 100 000 დოლარის ოდენობის ზარალს.
„მაივეი ეარლაინსი“ ასაქმებს 120-მდე თანამშრომელს, ფლობს სამ საჰაერო ხომალდს, (Boeing 737-800/737-700F), ფლობს 106 მილიონ ლარამდე აქტივებს, ხოლო 2019 წლიდან 2021 წლის პირველ ნახევრამდე, „მაივეი ეარლაინსს“თანამშრომლებთა ხელფასებში და საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 16 მილიონ ლარამდე. კომპანია ასევე იხდის საავიაციო სფეროში კანონით დადგენილ სხვადასხვა გადასახადებს და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში ავიაციის სფეროდან. პანდემიის პერიოდშიც კი, კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და 2020 წელს, როდესაც ქვეყანაში და ზოგადად, ავიაციის სექტორში ყველაზე კრიზისული პერიოდი იდგა, კომპანიამ ხელფასებისა და საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადა 6 მილიონამდე ლარი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიის ოპერირების განმავლობაში, კომპანია კეთილსინდისიერად იცავდა კანონს და ბოლო პერიოდამდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიის მიმართ ყოფილიყო შენიშვნები კანონის შესრულებასთან დაკავშირებით. კომპანიის მიზანია განვითარდეს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, წვლილი შეიტანოს ქართული ავიაციის განვითარებაში და იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აქტიური მონაწილე და კონტრიბუტორი.
შესაბამისად, გთხოვთ, დაინტერესდეთ „მაივეი ეარლაინსის“ პრობლემით და დაგვეხმაროთ საკითხის მოგვარებაში, რათა კომპანიამ კვლავ განაგრძოს ოპერირება”,- აღნიშნულია მთავრობის წევრებისადმი გაგზავნილ წერილში.
ამასთანავე, “მაივეი ეარლაინს“-ი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან სადავო საკითხზე პოზიციების გასაცვლელად, შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა. ამის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Myway Airlines-ის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებასთან დაკავშირებით მონოპოლიზაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს და თუ კომპანია ხარვეზებს აღმოფხვრის, ლიცენზიის აღდგენაზე მიმართვა შეეძლება.