უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2 თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან 1 თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა ბერდია სიჭინავამ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სახელმწიფო, დღიურად, 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც ასევე დაემატება კერძო ლაბორატორიების და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები.
„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდ-სასტუმროებში განთავსებას და მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.
ამ მიზნით, ორი თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.