
მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში უკვე შევიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებულ კანონპროექტი. კანონპროექტით შემოდის ინოვაციური სტარტაპის ცნება, რომლის მიმართაც მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს.
რას გულისხმობს?
- პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან;
- მეოთხე წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, ხოლო ამავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%;
- მეშვიდე წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით, ხოლო ამავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთია 10%.
- "სტარტაპის მიერ გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო რეჟიმით სარგებლობის შემთხვევაში, დაიზოგება სტარტაპების ჯამური ბიუჯეტის 12%, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი გამოიყენონ ინოვაციური პროდუქტის და სერვისის განსავითარებლად", - ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონპროექტში წერია, რომ საგადასახადო შეღავათები შესაძლებელს გახდის სტარტაპების რაოდენობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 700-დან სამიზნე 2 000-მდე გაიზარდოს. შედეგად სტარტაპების რაოდენობა საქართველოს მლნ მოსახლეზე 189-დან - 541-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების მონაცემებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ბუნებრივი ზრდის ტემპის შენარჩუნებისა და სტარტაპების სამიზნე მაჩვენებლამდე ზრდის პირობებში, მომდევნო 5 წელში მოზიდული კერძო კაპიტალის მოცულობა კუმულატიურად 11 მლრდ ლარს უნდა გაუტოლდეს, წლიურად მიღებული შემოსავლის მოცულობა 1.5 მლრდ ლარს, ხოლო შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 26 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
კანონპროექტის მიხედვით ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი კომერციული იურიდიული პირი, უნდა აკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს სტატუსი კომპანიას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ექნება, თუმცა სტატუსის გაგრძელება ყოველ წელს შეიძლება, ჯამში 10 წლამდე.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.