გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" გაიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგებტო BUSINESS TIME- ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2020 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს.
"ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორ გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება.
ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდასაჭერად, რომელთაც საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითრების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალი, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული იყო ნინო მღებრიშვილის საოჯახო მარნის "უსახელაური", რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ფესტივალის სტუმრებს მიეცათ.