ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ.
როგორც „ბიზნესთაიმს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა და ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თამარ გაბუნიამ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შემუშავების მათ შორის, საკომუნიკაციო გეგმის მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და ვაქცინის შესყიდვის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, Covid-19-ის გადაუდებელი დახმარების პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ჰოსპიტალური სექტორის, განსაკუთრებით კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების აღჭურვის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს როგორც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ისე პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით.
შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა.
„ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს. მოგაწოდეთ 2, 5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას.