საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) განმარტავს, რომ მოქალაქეებისათვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ იზრდება.
სემეკი განცხადებას საზოგადოების იმ ნაწილის საყურადღებოდ ავრცელებს, რომელთაც კითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დღეს ცნობილი გახდა, რომ „სოკარ ჯოარჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ანუ კომერციული სექტორისთვის, დეკემბრიდან გაზი გაძვირდება.
“როგორც თბილისში შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, ასევე რეგიონებში - შპს „სოკარ ჯოარჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“ დ შპს „ინტერ გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და შპს „ინტერ გაზის“ მიერ გავრცელებული განცხადება ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. ამ კატეგორიის მომხმარებლისათვის სემეკი არ ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდება/მოხმარების ტარიფებს. კომისია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ადგენს მხოლოდ ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის დერეგულირებულია და არ ექვემდებარება სემეკის სატარიფო რეგულირებას. შესაბამისად, კომპანიები არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს საბაზრო პრინციპების შესაბამისად განუსაზღვრავენ მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს და ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან ერთი თვით ადრე აცნობონ”, - ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.
“სოკარ ჯორჯია გაზის” არასაყოფაცხოვრებო აბონენტები 1 დეკემბრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის მოხმარებისთვის 20 თეთრით მეტს გადაიხდიან. შესაბამისად, ტარიფი 1 ლარი 15 თეთრი იქნება. ასეთივე ტარიფი დაადგინა შპს “ინტერ გაზმა”, რომელიც ახალციხისა და ასპინძის რაიონებს ემსახურება. ამ შემთხვევაში გაზი 6 თეთრით ძვირდება.