„საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ველოდით“ - ამის შესახებ BMG-სთან „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში, მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელის კიდევ ერთხელ გადავადებაზე მსჯელობა მიმდინარეობდა და საფინანსო სექტორში იყო მოლოდინი, რომ ის საერთოდ არ ამოქმედებულიყო, მაგრამ გადასახადის 20%-მდე გაზრდას არ ელოდნენ.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელი“ შესაძლოა, არ ამუშავებულიყო, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზრდებოდა“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
BMG-ს კითხვას - შესაძლოა თუ არა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გავლენა იქონიოს საინვესტიციო გარემოზე და საფინანსო სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ იყოს, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ასე პასუხობს:
„რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში, ავუხსნათ ეს ჩვენს ინვესტორებს“ , - აღნიშნა ვახტანგ ბუცხირიკიძემ.
ცნობისთვის, 2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა. დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბიუჯეტო ეფექტი, რაც ამ გადასახადის მატებას ექნება, 172 მილიონ ლარს შეადგენს.
წყარო: BMG