მინდა მივმართო რესტორნების მეიჯარეებს, რომ კიდევ ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინონ. ეს ინდუსტრია ძალიან მალე სრულყოფილად ამოქმედდება, ფეხზე დადგება და მათზე უკეთესი დამქირავებლები მერწმუნეთ არ გეყოლებათ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სარესტორნე ბიზნესთან შეხვედრის დასრულების განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგენადი ბიზნესია.
„აქედან გამომდინარე, ვთხოვ მეიჯარეებს, მოთმინებით მოეკიდონ და ნუ შეუქმნიან იმ რესტორნებს პრობლემებს, რომელთაც ნაქირავები აქვთ ფართები“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ მინისტრი დღეს რესტორნების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრამდე, სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეების დროულ გახსნასთან ერთად, შაბათ-კვირას საქმიანობის უფლებას და კომენდანტის საათის გადაწევის თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა.