თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად - განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე.
EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციას.
ლარში დენომინირებული სესხის მიღებით, იზრდება ადგილობრივ ვალუტაში ფინანსირებაზე ხელმისაწვდომობა, რაც კერძო სექტორის განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოზიდული დაფინანსება, თიბისის საშუალებას აძლევს შეუფერხებლად განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უზრუნველყოფა გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და კლიმატისადმი მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, რაც ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოში და გაამყარებს თიბისის მოწინავე პოზიციებს მწვანე და მდგრადი ფინანსირების მიმართულებით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, 5.3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, ჯამში 301 პროექტში, რომლის 82% კერძო სექტორზე მოდის.
(R)