აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ ეს განცხადება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას სადისკუსიო პანელზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობისას გააკეთა.
მომხსენებლებს შორის იყვნენ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა, "ჰერითიჯის ფონდის" მკვლევარი ლუკ კოფი და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი.
მეთიუ ბრაიზამ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის დაგემილი ვიზიტი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა , რომ შვედი დიპლომატის უნარ-ჩვევები მოლაპარაკებების დროს შედეგიანი იქნება.
"საქართველოში პოლარიზაციის შესამცირებლად და არსებული კრიზისის განსამუხტად ბევრის გაკეთება შეგვიძლია. კრისტიან დანიელსონის დანიშვნა როგორც მედიატორის, ვფიქრობ, ფანტასტიკურია. ვფიქრობ, შვედი დიპლომატის უნარ-ჩვევები გამოსადეგი იქნება. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ანაკლიის პორტის თემას. ამ პროექტის ჩავარდნა კატასტროფა იყო. ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა განაჩენი, რომ პროექტი, შესაძლოა, გაგრძელდეს. ეს იმედს მაძლევს, რომ დანიელსონი რამეს მიაღწევს", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი უკვე თბილისში იმყოფება.