აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მაისიდან დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს.
აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან შესრულდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.
მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ.
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.