ლატვიური ავიაკომპანია AirBaltic-ი ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეს აღარ გამოიყენებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის პრესსპიკერმა ალისე ბრიდმა განაცხადა.
ამასთან, ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა ასევე განაცხადა, რომ AirBaltic-მა ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ვითარება „არაორდინარულია“.
მისი სიტყვებით, ეს ბადებს მრავალ შეკითხვას ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების შესახებ.
შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.