„ბიზნესს ქცევის თავისი წესები აქვს, რომელიც ხშირად არ მომწონს, რადგან ისინი არ აფიქსირებენ თავის პოზიციას“, - ეს განცხადება "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და "მაკდონალდ საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ გააკეთა, სადაც საუბრის მთავარი თემა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მიმდინარე კრიზისული პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა იყო.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ის საერთაშორისო პარტნიორებს ელოდა საქართველოში, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ვიზიტისგან თავი შეიკავეს.
„ჩვენს პარტნიორებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული და გეგმების განსახილველად უნდა ჩამოსულიყვნენ... ყველა თავს იკავებს და არა იმის გამო რომ ეშინიათ, უბრალოდ, ისეთი მომენტი დგება და ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენთვის არავის სცალია... როდესაც ჩვენი პარტნიორები რაღაც შემთხვევებს სხვანაირად აფასებენ და თავისი შეხედულება აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი მტერია.
საქართველოში მოღვაწე ადამიანები ქვეყნისთვის შრომობენ და არა რომელიღაცა პარტიის გასაჯანსაღებლად. ბიზნესს ქცევის თავისი წესები აქვს, რომელიც ხშირად არ მომწონს, რადგან ისინი არ აფიქსირებენ თავის პოზიციას, ვინაიდან არის მომენტები, როდესაც სახელმწიფოში არსებულმა მდგომარეობამ ისე შეიძლება იმოქმედოს, რომ ვიღაც შეაფერხოს და დააზარალოს. ზუსტად ეს იციან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და თვლიან, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართლიანი მიდგომა; როდესაც ადამიანი სამართლიანობას ითხოვს და სასამართლოში არ მიდის, სიკვდილს ვებრძვი და შევწყვეტ შიმშილობასო, რომელიც ამ დაპირისპირების შენელებას გამოიწვევს და მოიხსნება დღის წესრიგიდან და ეს არ ხდება... სახალხო დამცველი უდიდესი წოდებაა, რომელსაც მსოფლიოში პატივს სცემენ. ნინო ლომჯარიამ წარმოუდგენელი ცოდნა, სიმტკიცე და სიმართლე გამოავლინა. ის სიმართლის დამტკიცებისთვის იბრძვის და არა რაიმე მიკერძოებული ინტერესებისთვის", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის: გადაცემა „ანალიტიკა“ დღეს, 13:45 საათზე გავიდა ეთერში. რამდენიმე საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ყოფილ პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა და თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს. აღსანიშნია, რომ შიმშილობა შეწყვიტა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ და პარლამენტის სხვა წევრებმაც.
წყარო: BMG