დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამფრენ მგზავრებს, საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free-ით სარგებლობა შეეძლებათ, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და ქართული ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty free-ს საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა.
„მოხარულები ვართ, რომ ATU Duty Free-თან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გავხსენით სრულიად განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free, რომელიც თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით.რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი აეროპორტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი ერთ მილიონ ევროს შეადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.