ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 16 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, საქართველო წელს ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.
მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და შემდგომში გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა. გამოფენაში მონაწილე ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით, სამხრეთ კორეის ბაზარი, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია.
კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა.