საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი რვა კომპანიის მიმართ დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის, ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.
„მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.
საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა. შედეგად, რვა იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:
იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები – ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი – ფლოქსაზოლი (აბი);
იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალსი, მედიკამენტები – ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო (აბი, 400 მგ. N1);
იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი – არიპრადა;
იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი – ზინასენი N60;
იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი – ლორნიკუსი ამპულა N1;
იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები – ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი (აბი, 480მგ.), ბისეპტოლი (აბი, 120მგ.);
იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი – ტრეპარინი.
მოკვლევის ფარგლებში სააგენტო განახორციელებს მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.