საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის დაწყებას ადგილობრივი ფერმერების მომართვა დაედო საფუძვლად.
„მონიტორინგის მიზანია, შეფასდეს ბაზარზე არსებული ვითარება კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, მათ შორის, სეზონურ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები”, – აცხადებენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა.
მიმდინარე რეჟიმშია – ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის ბაზრების მონიტორინგები.