კომპანია „რედიქსი“ 40 მლნ დოლარის ინვესტიციით, ხვალ, თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალ სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისს“ ხსნის.
კომპანიის ინფორმაციით, გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
„ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი „ანდაზი“ არის წარმოდგენილი. შენობის არქიტექტურაზე ლევან მუშკუდიანმა და ირაკლი შარაშიძემ იმუშავეს.
რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, კონცეფცია კომპანია"რედიქსი" -ს დიზაინერთა ჯგუფმა და ლევან მუშკუდიანმა ერთობლივად შეიმუშავეს.
პირველ ეტაპზე სასტუმროში, დაახლოებით, 80-მდე ადამიანი დასაქმდება. Hilton Garden Inn-ში განთავსების ღირებულება კი 90 დოლარიდან დაიწყება.
„სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ ვაკეში, ქალაქის ბიზნეს და კომერციული უბნის ცენტრში, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და ბოლო წლებში ბიზნეს ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია საქართველოში.
შენობას მარცხნიდან ესაზღვრება თანამედროვე A კლასის ბიზნესცენტრი "CH64", სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციის ოფისები მდებარეობს. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია, როგორც ბიზნესმოგზაურებისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის, ვისაც სურს საკუთარ თავზე გამოსცადოს „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ განსაკუთრებული ატმოსფერო“, - აცხადებენ „რედიქსში“.