ხვალ, 19 ივნისს, შატო მუხრანში, პირველად გაიმართება მერანოს ღვინის ფესტივალი - ამის სესახებ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალური ფესტივალი არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.
"საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მერანოს ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: ასოციაცია “ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია შატო მუხრანი.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
ფესტივალი ღიაა სტუმრებისთვის 11.00 საათიდან. მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი,"შატო მუხრანი"– ნათქვამია ინფორმაციაში.