ხვალ, 11:00 სთ-ზე „ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაცია“ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით "მთავრობა ბავშვთა გასართობ ცენტრებს მუშაობის უფლებას არ აძლევს" გამართავს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნეს თაიმს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, ბავშვთა გასართობი სფერო დღეს ყველაზე დაჩაგრული და უპატრონოა.
"თქვენ იცით, რომ 15 მარტიდან, პრაქტიკულად ყველა სფეროს ეძლევა ოპერირების შესაძლებლობა, როგორც გარე სივრცეებში, ასევე შიდა სივრცის გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი სფერო გაჩერებულია და არ გვეძლევა საშუალება განვაახლოთ მუშაობა. ვინაიდან და რადგან, ხვალიდან შიდა სივრცეებში მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ რესტორნებს, იჯარის გადასახადზე მეპატრონეები "მრიცხველს" ხვალიდან ჩაგვირთავენ, შესაბამისად, ისედაც მძიმე ვითარების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდება, თუ მუშაობის შესაძლებლობა არ მოგვეცემა", - განუცხადა გიორგი მთიულიშვილმა "ბიზნესთაიმს".
მისივე თქმით, ხვალ აქციაზე ანიმატორები, ფოტოგრაფები და სადღესასწაულო სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
"ხვალ ჩენ მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესთან და ასევე ყველა იმ პირთან, რომლებსავ შეუძლია ჩვენი მდგონმარეობა გაითვალისწინონ და მიიღოს შესაბამისი ზომები. ხვალ შევიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროს წინ და ჩვენს მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ. ჩენთან ერთად იქნებიან ანიმატორები, ფოტოგრაფები და სადღესასწაულო სფეროს წარმომადგენლები", - განმარტა გიორგი მთიულიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, აქცია 11:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროს წინ გაიმართება.