სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სადისტრიბუციო კომპანიის (Qatar Distribution Company) მუშაობის შედეგად, პირველად საქართველოდან კატარში ქართული ღვინო ექსპორტზე გავიდა.
“27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორის და ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ”, - წერია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციითვე, კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც ქვეყანა მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა.