ქართული ღვინო ტოკიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სუშის რესტორნის “სუშიძანმაი” ქსელში დაამატეს! ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა ავრცელებს. ელჩის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი, ქართული ღვინის დიდი აღიარებაა იაპონიაში, რისთვისაც წლების მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში და ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.