ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“ გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც კლასიკური მეთოდით, ისე ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები. დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 70-მდე სტუმარი დაესწრო.
სულ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 14 ღვინო, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო ადგილობრივი იმპორტირების მიერ.