პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სოცაფეთქება" მიმდინარეობს. აქციას ბიზნესის წარმომადგენლები, ბაზრობებზე მომუშავე ადამიანები და ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
აქციის მონაწილე მოქალაქეები ითხოვენ: - ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენას, ასევე კომენდანტის საათის შემსუბუქებას და ბაზრობების გახსნას.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ელი თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ სავაჭრო ცენტრები აღადგენენ, სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ გაიხსნება. დახურული რჩება რესტორნები, ზამთრის კურორტები და საქალაქთაშორისო გადაადგილება.