თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი მოუმზადებელია, ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს და საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.
„საქართველოს პარლამენტი განიხილავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის ავტორები და ინიციატორები არიან დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული. ცვლილების თანახმად, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია, 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, ორი წლით ან წელიწად-ნახევრით უნდა გადავადდეს. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტის განმარტებით, ბარათში მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა.
თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით რეალიზაციის ნორმა ჯერ კიდევ 2018 წლის პირველი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ, თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტების ძალისხმევით, ხუთი წლით გადაავადეს. ანუ ხუთი წელი ჰქონდათ რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღისთვის მოსამზადებლად.
სიცრუეა იმის მტკიცება, რომ მიმდინარე ომის გამო უკრაინაში თამბაქოს პროდუქციის წარმოება შეუძლებელია და დღემდე სხვა ქვეყნებზე გადაწყობას ცდილობენ, რაც თურმე ხელს შეუშლით სადა შეფუთვის რეგულაციის ასრულებაში. საქართველოში უკრაინიდან იმპორტიორმა სამმა მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიამ („ფილიპ მორისი“, „ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს“ და „იაპონური თამბაქოს“ კომპანიები) უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან მეორე დღეს შეაჩერეს წარმოება, მაგრამ „ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ მ/წ 25 აპრილიდან პრილუკის საწარმოში განაახლა წარმოება, „იაპონური თამბაქოს კომპანიამ“ იმავე დროიდან კრემენჩუკის ფაბრიკაში გადაინაცვლა. „ფილიპ მორისმა“ მ/წ აგვისტოს დასაწყისიდან ბრენდების წარმოება კიევში მდებარე „იმპერიალ თობაკოს“ საწარმოში განაახლა, საიდანაც სადა შეფუთვით სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს ისრაელს აწვდის. ისრაელთან სადა შეფუთვით იმპორტი უკრაინიდან ჯერ კიდევ 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და, შესაბამისად, თამბაქოს სადა შეფუთვით დამზადება და მიწოდება „ფილიპ მორისისთვის“ სიახლე არ არის.
ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ევროპის რეგიონში 30-მდე ქარხანა აქვთ. ყველაზე ახლოს, მეზობელ თურქეთში აქვთ საწარმოები. ერთი თვეც კმაროდა საქართველოსნაირი მცირე ბაზრის უზრუნველსაყოფად გადასაწყობად.
მთავრობამ 2022 წლის 16 მაისს დაამტკიცა „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტი“, ანუ რეგულაციის ძალაში შესვლამდე 7,5 თვით ადრე. თამბაქოს ინდუსტრიას იმედი ჰქონდა, რომ ნორმატიული აქტის დამტკიცებას დაბლოკავდნენ და რადგან ვერ შეძლეს, მოიფიქრეს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადების ახალი „მიზეზი“ — ომი უკრაინაში.
ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი პროდუქტის დეფიციტის გამო, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება და გათვლა არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის თანხობრივი მოცულობა გაიზარდა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ე.ი. არანაირი პრობლემა თამბაქოს იმპორტს საქართველოში არ შექმნია.
კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. არადა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სიგარეტის ერთფეროვანი შეფუთვა მიმზიდველი არაა და მათთვის თამბაქოს პროდუქტი აღიქმება არანორმალურ და ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქტად.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს, ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა თუ შეთანხმებებს. უპირველესად, ზემოაღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლებისა და მათ აღსასრულებელ სახელმძღვანელო პრინციპებს/გაიდლაინებს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ირღვევა შეთანხმების 283 და 356 მუხლებისა და დანართი XXXI-ის მოთხოვნები.
თამამად ვაცხადებთ, რომ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს. ამიტომაც მიუღებელია, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. იმედია, ქვეყნის საკანონდებლო ორგანო, რომელმაც 2017 წელს და შემდგომაც მრავალჯერ დაიცვა მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები, არ მოემსახურება კონკრეტული ბიზნესის ფინანსურ და მერკანტილურ ინტერესებს“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.