
2025 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, აღნიშნავს, რომ დაფასდება ყველა ის მევენახე, რომელიც ხარისხიან და კონდიციურ ყურძენს მოიყვანს.
„მნიშვნელოვანია, რომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები განსაზღვრულია ხარისხის მიხედვით. დაფასდება ის მევენახე, რომელიც მოიყვანს ხარისხიან და კონდიციურ ყურძენს.
ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მევენახე დაინტერესებული იყოს, მოიყვანოს ხარისხიანი ყურძენი. ეს არის პირველი წელი, როდესაც დაფიქსირდა ფასთა სხვაობა ხარისხიან / კონდიციურსა და დაზიანებულ / არაკონდიციურ ყურძენს შორის. ვფიქრობთ შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა ხარისხიანი ყურძნის მოყვანას.
რთველში გათვალისწინებულია სოციალური ფაქტორიც, შევქმენით ყველა პირობა, რომ მევენახეებმა შეძლონ მოსავლის სრულად დაბინავება, თუმცა, ხარისხის მიხედვით შესაბამისი ფასებით“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.