თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ხელშეწყობას საჭიროებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რესტორანზე ან კაფე-ბარზე. მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დასაქმების კუთხით. ტურისტების რაოდენობის ზრდაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველას უხაროდა თბილისში ჩამოსვლა, საინტერესო ადგილების დათვალიერების გარდა, გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ამდენად, ეს ბიზნესი პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დავტოვოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ამ პრობლემებთან გამკლავება საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს და მაქსიმალურად შევძლოთ გარკვეული სექტორების გადარჩენა. ყველა ამ ბიზნესის უკან დგანან ადამიანები, ოჯახები და მათ დახმარება სჭირდებათ. ამასთან, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, არ დაგვავიწყდეს რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პირბადის ტარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.