აშშ-ის სენატორმა აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიმ რიშმა ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მედია, სასამართლო და პოლიტიკური ცხოვრების დიდი ნაწილი „ოლიგარქის“ მზარდი გავლენიის ქვეშაა.
„მე და სენატორ შაჰინს ამ საკითხზე ბევრი გვისაუბრია. ჩვენი აზრები ამ საკითხზე ძალიან ახლოსაა, დაწყებული 2012 წლიდან, როცა საქართველოში ჩავედით არჩევნებზე დაკვირვებისთვის. 1991 წლიდან, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგინიდან, საკმაო პროგრესი იყო დემოკრატიის აშენებასა და საბაზრო ეკონომოკური რეფორმების იმპლემენტაციაში.
საქართველომ გააკეთა ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს 2008 წლიდან მისი ტერიტორიების 1/5 უკანონოდ აქვს ოკუპირებული. საქართველო ასევე არის აშშ-ის საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების საკითხებში და აქვს ამბიციები, გახდეს ევროკავშირისა და NAთO-ს წევრი, რასაც ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს მხარს უჭერს.
როგორც უკვე ვთქვი, მე და სენატორი [ჯინ] შაჰინი ვიყავით საქართველოში 2012 წელს. მე ძალიან მოხიბლული ვიყავი და მართლა მჯეროდა, რომ ქვეყანა იყო ახალ სწრაფ სტარტთან. არჩევნების შემდეგ დილას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ორივე მხარის ბანაკში — როგორც წაგებული, ასევე გამარჯვებული მხარის. ჩვენ შევხვდით პარტიების ლიდერებს — ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს.
მინდა გითხრათ, რომ განწყობა ორივე ბანაკში იყო ისეთი, როგორც ამერიკაში არჩევნების შემდეგ. გამარჯვებულები თავს გრძნობდნენ გამარჯვებულებად, წაგებულები — წაგებულებად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი ორივე მხარესთან, ისინი აკეთებდნენ წინდაუხედავ განცხადებებს, რაც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ, მაშინ როცა მთელი ღამე ფეხზე იყავი.
ვუსმენდი კომენტარებს და ცოტა ხანში ძალიან ოპტიმისტურად განვეწყე, რადგანაც მხარეები დათანხმდნენ შეხვედრაზე, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით კიდეც. რაც დრო გადიოდა, ჩვენ იმედები გვიცრუვდებოდა — ადგილი ჰქონდა უფრო მეტ და მეტ პოლიტიკურ დევნას და კიდევ ერთხელ ჩვენ, როგორც შეგვეძლო ვამბობდით, რომ ეს არ იყო საუკეთესო გზა.
ამასთან ერთად, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ დემოკრატია ქვეყანაში უკან მიიწევს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც საქართველო უკეთესს იმსახურებს და არის უნიკალურ პოზიციაში, როცა შეუძლია გამოაღწიოს თავისი პოსტ-საბჭოთა ისტორიიდან.
რაც ხდება ახლა, არის ოლიგარქის მზარდი გავლენა მედიაზე, სასამართლოზე და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. ამჟამინდელ კრიზისზე, რომელიც არის კულმინაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი დაპირისპირების, წარუმატებელი რეფორმებისა, პასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, იზიარებს ყველა მხარე. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სვლის გაგრძელება და უთანხმოების გვერდზე გადადება მათი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე.
როცა ჩვენ შევხვდით ბატონ სააკაშვილს. ის დაჟინებით ამბობდა, რომ არ დაეხმარებოდა ძალაუფლების გადაცემის პროცესს. მე ვკითხე, გაუგია თუ არა მას ოდესმე ჯორჯ ვაშინგტონზე. მან მითხრა რომ კი, ყველას გაუგია ჯორჯ ვაშინგტონზე. მე ვუთხარი, რომ ის ჩვენი პირველი პრეზიდენტი იყო და 200 წლის შემდეგ, როცა ეს არჩევნები იქნება პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა ბავშვი საქართველოში წაიკითხავს შენს შესახებ, როგორც საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, რომელმაც ასეთი არჩევნები გაიარა. როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრონ? როგორც ჯორჯ ვაშინგტონი თუ როგორც ადამიანი, რომელსაც წაგება არ შეუძლია და ქვეყანაზე მეტად საკუთარი თავი ადარდებს? იგი ყურადღებით მისმენდა, არა ჯინ? [მიმართავს სენატორ ჯინ შაჰინს — რედ.].
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე. ეს კონფლიქტი აზიანებს ქვეყანას და ხალხს და კარს უღებს რუსეთს. ვიცი, რომ ჩვენი ელჩი თბილისში, კელი დეგნანი და საელჩოს გუნდი დაუღალავად მუშაობდა მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის და შეთანხმების პოვნისთვის. დიდად ვაფასებ მათ შრომას. მესმის, რომ გადაიდგა პატარა ნაბიჯი უკან, მაგრამ მოვუწოდებ მათ გააგრძელონ და აუცილებლად მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები და სცადონ აქედან [არსებული ვითარებიდან] გამოვიდნენ.
საქართველო კრიტიკულ მომენტშია. თუ ის არ აამუშავებს თავის დემოკრატიას ახლა, არ ვიცი, როდისღა შეძლებს ამას. ის დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს. პოლიტიკური ლიდერები უნდა შეთანხმდნენ და დაასრულონ ეს კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა რეფორმები, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მომავალი“.
წყარო: ნეტგაზეთი